„ქართულ ოცნება“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, საკითხზე კონსულტაციები უახლოეს მომავალში გაიმართება.
„წინასაარჩევნო კამპანია კანონით დადგენილ ვადებში დაიწყება და ჩატარდება. ამ ოლქთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია და დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდი არჩევნების ჩატარებას სამართლიან და კონკურენტულ პირობებში უზრუნველყოფს. კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ დაგვიწყია“, – დასძინა თალაკვაძემ.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 28 აპრილს ჩატარდება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, რომელიც გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.