ქართულ ენაზე „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა
ქართულ ენაზე „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა

ქართულ ენაზე „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა. კრებულში შესულია აფხაზი ავტორების ლექსები და პოემები, რომლებიც ახალგაზრდა პოეტმა და აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა, ტერენტი გრანელის სახელობის პრემიის ლაურეატმა ნიკა ბაძაღუამ თარგმნა. ანთოლოგიის გამომცემელ-რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას განცხადებით, აფხაზური პოეზიის ნიმუშები გასული საუკუნის 20-30 წლებიდან გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი და უფრო ადრეულ პერიოდში ბეჭდური ან ხელნაწერი ნიმუშები ცნობილი არ არის. ნაჭყებიას ინფორმაციით, „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ 160 გვერდიანია და 65 ავტორის ლექსი და პოემაა შესული.„აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის“ გამოცემა ნიდერლანდების სამეფოში არსებულმა ორგანიზაცია World of Diaspora-მ დააფინანსა, რომლის თანადამფუძნებელი ლალი ბუთბაია აფხაზეთიდაა.

„ორგანიზაცია World of Diaspora-ს დამფუძნებლები, ჩემთან ერთად იზოლდა კვიციანი და ნინო უბილავა, აფხაზეთიდან ვართ. ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ტერიტორიების დაბრუნებამდე ჯერ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა დაიბრუნონ ერთმანეთი. გაჩნდეს ნდობა, აღდგეს ურთიერთობები და დანგრეული ხიდები. ამისთვის World of Diaspora მნიშვნელოვან ღონისძიებებს და პროექტებს გეგმავს. ამ ანთოლოგიის გამოცემაც ქართულ-აფხაზური ურთერთობების აღდგენისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ“, – განაცხადა წიგნთან დაკავშირებით საუბრისას ლალი ბუთბაიამ.

ლალი ბუთბაიას განცხადებით, „აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის“ წარდგენა ნიდერლანდების სამეფოში შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა. ამის გამო, ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზებისთვის პრეზენტაცია გაზაფხულზე გაიმართება. „აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის“ რედაქტორი პროფესორი, აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძეა. პროექტის მხარდამჭერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია.