ქართულ ბაზარზე შესაძლოა, კომპანია „იტალ ტელეკომი“ შემოვიდეს
ქართულ ბაზარზე შესაძლოა, კომპანია „იტალ ტელეკომი“ შემოვიდეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესაძლოა, ახალი კომპანია შემოვიდეს.

მისი თქმით, მსხვილ ქართულ ოპერატორებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიცით კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. ესენია კომპანიები, რომლებიც გლობალური ინტერნეტის გამყიდველთა ათეულში არიან. ისინი ჩვენს ადგილობრივ პროვაიდერებთან, მსხვილ ინტერნეტ კომპანიებთან საუბრობენ, რომლებიც მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას ფლობენ. გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის „იტალ ტელეკომი“, – განაცხადა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს უკვე ჰქონდა შეხვედრა „იტალ ტელეკომის“ წარმომადგენლებთან, რომლებმაც საქართველოში შემოსვლის სურვილი დააფიქსირეს.

„მოლაპარაკებები გრძელდება ადგილობრივ ოპერატორებთან, ეს მოლაპარაკებები ბევრ ასპექტს მოიცავს. როგორც ვიცი, „იტალ ტელეკომთან“ მოლაპარაკებას სამი მსხვილი ოპერატორი აწარმოებს და ჩემი ინფორმაციით, კომპანიას ერთ-ერთისგან უკვე ძალიან კარგი შეთავაზებაც აქვს.

ასე რომ, კომუნიკაცია მაქვს როგორც ადგილობრივ ოპერატორებთან, ისე გლობალურ შემომსვლელ კომპანიებთან. თანდათან, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარს დავარეგულირებთ ისე, რომ კონკურენცია იყოს მაღალი, ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, „იტალ ტელეკომი“ ჯერჯერობით ერთადერთი რეალური კომპანიაა, რომელსაც შემოსვლა სურს, ზოგადი ინტერესი კი, კიდევ ორი უცხოური კომპანიის მხრიდან დაფიქსირდა.