ქართლსა და კახეთს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორები სტუმრობენ
ქართლსა და კახეთს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორები სტუმრობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგისა და ჩინელი ღვინის იმპორტიორების რვაკაციანი ჯგუფი საქართველოს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის ტურის ფარგლებში, სტუმრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს: „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა/ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „კახური ღვინის მარანი“, GWS, „თელიანი ველი“, „მეგობრების მარანი“, „ფაფარი ველი“, „ბადაგონი“, „ხოხბის ცრემლები“, „ვაზისუბნის მამულები“ და “მეღვინეობა ლუკასი“. მეთუნე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების პროცესს.

ამასთან, თბილისში გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც 27 ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნეს.

დებრა მეიბურგის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან იმპორტიორები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ღვინის უნიკალურ სახეობებში.

„წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან წარმატებულია. მაგალითად, ქართულმა ღვინომ მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადმოინაცვლა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე. ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ აზიურ ბაზარზე ქართული ღვინის ამ წარმატებით. ჩვენი ამოცანაა ვუზრუნველვყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არა მარტო ღვინის იმპორტიორებში, არამედ მის მომხმარებლებშიც. ასე, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება შევაჩეროთ ქართულ ღვინოზე“, – აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 4 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.