„ქარშეარინგის“, ე.წ. საზიარო ავტომობილების სერვისი თბილისში ამოქმედებულია
„ქარშეარინგის“, ე.წ. საზიარო ავტომობილების სერვისი თბილისში ამოქმედებულია

„ქარშეარინგის“ სერვისი უკვე ხელმისაწვდომია. როგორც პირველ არხს „აიქარის“ დირექტორმა გიორგი ხუროძემ განუცხადა, სიახლე ერთი კვირაა, რაც ამოქმედდა და ამ ეტაპზე თბილისში კომპანიას 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული.

გიორგი ხუროძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ავტომობილების რაოდენობა 300-მდე გაიზრდება, საბოლოო ჯამში კი კომპანია პროგრამაში 3 000 ელექტრომობილის ჩართვას გეგმავს.

„საზიარო ავტომობილის სერვისი უკვე ამოქმედებულია და მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ. ერთი კვირაა, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. მანამდე სატესტო რეჟიმში ვიყავით. ნებისმიერ მსურველს დღესვე შეუძლია, გადმოწეროს აპლიკაცია და მომსახურებით უპრობლემოდ ისარგებლოს. ამჟამად 50 ელექტრომობილი გვყავს. ველოდებით ახალი მანქანების ჩამოსვლას და პირველ ეტაპზე, 300 ავტომობილი იქნება, ჯამში კი დაახლოებით 3 000 ელექტრომობილის შემოყვანა გვაქვს განსაზღვრული“, – განაცხადა გიორგი ხუროძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით ოპერირებენ.

„ლოკაციები განსაზღვრული არ არის. შეიძლება, ნებისმიერ პარკინგზე შეგხვდეთ ჩვენი მანქანა. აპლიკაციის სახელწოდებაა „aicar“, როგორც კომპანიას ჰქვია. აპლიკაცია ჩვეულებრივად, შესაძლებელია, გადმოიწეროთ, როგორც „აიფონზე“, ისე „ანდროიდზე“, დარეგისტრირდეთ და თავად გაეცნოთ, როგორ მუშაობს“, – განუცხადა პირველ არხს გიორგი ხუროძემ.

მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ ელექტრომობილებით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა, გეგმაში გვაქვს, რომ ძალიან მალე მთელი საქართველოს მასშტაბით გახდეს გადაადგილება შესაძლებელი. ტრასებზე დავაყენებთ სწრაფ დამტენებს, მომხმარებლებს საშუალებას მივცემთ, რომ სწრაფად დატენონ და მარტივად გადაადგილდნენ ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა პირველ არხთან საუბრისას გიორგი ხუროძემ.