ქარიშხალმა „ფიონამ“ კანადის აღმოსავლეთ სანაპიროზე პრობლემები შექმნა
კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფიონა“ დაატყდა თავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ქარიშხალმა, რომლის სიჩქარე საათში 148 კილომეტრს აღემატება, უკვე გამოიწვია კანადის აღმოსავლეთ პროვინციებში ძლიერი წვიმა. მთავრობა მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებაც აფრთხილებს.
პროვინცია ნოვა სკოტიაში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც დაახლოებით 500 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
კანადის მეტეოროლოგიურ ცენტრში აცხადებენ, რომ „ფიონა“ ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ქვეყნის ისტორიაში.
ქარიშხალი კარიბის ზღვის აუზში წარმოიქმნა, სადაც სულ მცირე რვა ადამიანი იმსხვერპლა.
„მოვუწოდებთ ყველას, დარჩნენ უსაფრთხო ადგილას, მოუსმინონ ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს და დარჩნენ იქ მომდევნო 24 საათის განმავლობაში“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ.