ქარიშხალ „ჩარლზის“ გამო პორტუგალიაში 200-ზე მეტ ავიარეისი გააუქმეს, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, დაიხურა ასობით სუპერმარკეტი და ბიზნესობიექტი
ქარიშხალ „ჩარლზის“ გამო პორტუგალიაში 200-ზე მეტ ავიარეისი გააუქმეს, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო პორტუგალიაში დროებით დაიხურა ასობით სუპერმარკეტი და ბიზნესობიექტი.
როგორც „როიტერი“ წერს, იმ ფონზე, როდესაც 2026 წლის იანვარსა და თებერვალში შტორმების სერიაზე არასაკმარისი რეაგირების გამო პორტუგალიის ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი გახდა, ამჯერად მათ პრევენციული ზომები დროულად მიიღეს.
ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახური და არმიის ქვედანაყოფი მზადყოფნაში მოიყვანა, შეაჩერა სასწავლო პროცესი, დახურა არასაჭირო საზოგადოებრივი სერვისები და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
პორტუგალიის მეტეოროლოგიური სამსახურის, IPMA-ს განცხადებით, შტორმი განსაკუთრებით ძლიერი პორტუგალიის სამხრეთ ნაწილშია.
მედიის ცნობით, ქარიშხალმა „ჩარლზმა“ უკვე გადაუარა ესპანეთის მადეირას არქიპელაგს, რამაც წყალდიდობა და ხეების წაქცევა გამოიწვია. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელიც ავტოფარეხიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.