ქარელის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მედპერსონალის აცრები გრძელდება შიდა ქართლის რეგიონში. დღეიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყო ქარელში. სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ქარელის კლინიკაში ათი პირია დარეგისტრირებული, რომელიც დღეს აიცრება.

ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეის მდგომარეობით რეგიონში 118 პირი აიცრა.

„დღეს ქარელის „გორმედის“ კლინიკა ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში. ათი პირია დარეგისტრირებული და აცრები უკვე დაწყებულია. ქარელში დღეს ათი მედიკოსი აიცრება. რაც შეეხება მთლიანად რეგიონს, ორი დღის განმავლობაში სამ მუნიციპალიტეტში 118 სამედიცინო პირია აცრილი. გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედსა“ და სამხედრო ჰოსპიტალში 98 აიცრა. 17 მარტიდან უკვე კასპის „მედალფაში“ ათი და ხაშურის „ახალი კლინიკის“ ათი მედპერსონალი აიცრა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა.

კასპში, ქარელში, გორსა და ხაშურში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული „ასტრაზენეკას“ 2600 დოზა შეიტანეს. ვაქცინები მხოლოდ სამედიცინო მუშაკებისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ბრიგადაა გადამზადებული, მესამე სარეზერვო ბრიგადა დაემატა სამხედრო ჰოსპიტალში.