ქალთა საერთაშორისო დღეს საქართველო გლობალურ ინიციატივა #WikiGap-ს პირველად შეუერთდება
ქალთა საერთაშორისო დღეს საქართველო გლობალურ ინიციატივა #WikiGap-ს პირველად შეუერთდება

საქართველოში შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიოს 50 ქვეყნის პარალელურად, ვიკიპედიის მომავალი ქალი რედაქტორებისთვის თბილისში სპეციალური ვორკშოპი (ედიტათონი) მიმდინარეობს.

ქალთა საერთაშორისო დღეს საქართველო გლობალურ ინიციატივა #WikiGap-ს პირველად შეუერთდება.

ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოსა და სომხეთში ერიკ სალმგრენ ფონ შანთცმა გახსნეს.

გლობალური მასშტაბით, ვიკიპედიის რედაქტორების 90% კაცია, ენციკლოპედიაში ქალების შესახებ მასალების რაოდენობა კი კაცების შესახებ მომზადებული სტატიების რიცხვზე 4-ჯერ ნაკლებია. #WikiGap შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ ვიკიმედიას ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ვიკიპედიაში ამ უთანასწორობის შემცირებას ისახავს. ინიციატივა აქცენტს ორ მიმართულებაზე აკეთებს: ვიკიპედიაში მეტი ქალი რედაქტორის ჩართულობასა და ქალთა შესახებ შექმნილი მასალების რაოდენობის გაზრდაზე. #WikiGap-ის აღსანიშნავად, შვედეთის საელჩოების ორგანიზებით, ედიტათონები მთელ მსოფლიოში ტრადიციულად ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს იმართება.

თბილისის ედიტათონში მონაწილეობას ქართველი ქალი მკვლევრები, ბლოგერები და ჟურნალისტები იღებენ. როგორ ვწეროთ ვიკიპედიისთვის და როგორ გავხდეთ ონლაინ ენციკლოპედიის რედაქტორები – ამ თემებზე საკუთარ გამოცდილებას მონაწილეებს ქართული ვიკიპედიის წარმომადგენლები უზიარებენ.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და შვედეთის საელჩო საქართველოში სამომავლოდ ვიკიპედიის სტატიების კონკურსის გამოცხადებასაც გეგმავენ, რომლის მიზანიც ქართულ ვიკიპედიაში ქალთა თემატიკის უკეთ გაშუქება და წარმოჩენა იქნება.