ქალთა ლიგაში ლიდერები გამოიკვეთა
ქალთა ლიგაში ლიდერები გამოიკვეთა

ქალთა ლიგის გათამაშების მეხუთე ტურიც უხვგოლიანი გამოდგა. ისევე, როგორც წინა ტურებში, ქუთაისის „მართვეს“ ამერიკელმა ლეგიონერმა, ლაურა ლებერმა ამჯერადაც გამოიჩინა თავი და ხობის „კოლხეთთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ქუთაისელებმა კიდევ სამი გაიტანეს და გასვლაზე ანგარიშით 6:2 მოიგეს.

ახალგაზრდა გორელთა ფეხბურთელმა ეთერ სულაშვილმა პოკერი შეასრულა კასპის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც „გორი იუნაიტედმა“ „ბათუმს“ ანგარიშით 4:3 მოუგო. დაძაბული გამოდგა, ჩიბათში გამართული მატჩი, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“„ნორჩი დინამო“ დაამარცხა – 3:0. პრესტიჟის გოლის გატანა ნადეჟდა ნაკვეთაურს შეეძლო, თუმცა, თბილისელმა 81-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა ხაშურის „ივერიამ“, რომელმაც ქალთა ლიგის დებიუტანტი სოხუმის „დინამო“ 3:2 დაამარცხა. დუბლი ხაშურელმა ელენე ენჯიბაძემ შეასრულა. „ზარზმამ“ სახლში „მცხეთას“ 3:0 სძლია, ამავე ანგარიშით „სამეგრელომ“ „თუშეთს“ აჯობა.

ტურის ბოლო მატჩი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. დებიუტანტმა „კვარტალმა“ 2018 წლის ქვეყნის ჩემპიონს, „ნიკეს“ უმასპინძლა, რომელიც წელს განახლებული შემადგენლობით თამაშობს და საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი გახდა. გუნდის სახელით ქვეყნის ჩემპიონატში რამდენიმე ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მათ შორის თამარ ტატუაშვილმა და ტატა მატვეევამ (რომელიც მოთამაშე მწვრთნელიცაა) – მათ „კვარტალთან“ გოლებიც გაიტანეს, „ნიკემ“ კი ანგარიშით 6:1 მოიგო.

ზარზმა – მცხეთა 3:0
გორი იუნაიტედი – ბათუმი 4:3
კოლხეთი ხობი – მართვე 2:6
ლანჩხუთი – ნორჩი დინამო 3:0
დინამო სოხუმი – ივერია 2:3
სამეგრელო – თუშეთი 3:0
კვარტალი – ნიკე 1:6

თბილისის „ნიკე“ და ქუთაისის „მართვე“ ამ ეტაპზე ქულების მაქსიმალური რაოდენობით ქალთა ლიგის გათამაშების მეხუთე ტურის შემდეგ ლიდერობენ. მესამე ადგილზე კი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთია“ რომელიც ლიდერებს ორი ქულით ჩამორჩება. ქალთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტური, 12 სექტემბერს გაიმართება. თუმცა, მანამდე, ცხრა სექტემბერს, მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ხობის „კოლხეთი“, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი