ქალთა ევროპის ღია პირველობაზე ორივე ქართველი პირველ წრეში დამარცხდა
ქალთა ევროპის ღია პირველობაზე ორივე ქართველი პირველ წრეში დამარცხდა

პოლონეთის დედაქალაქში დღეს სტარტი ქალთა შორის ევროპის ღია პირველობამ აიღო.

ვარშავში გია თენაძის გუნდიდან პირველ დღეს ტატამზე გასვლამ ნატალია ყიფშიძესა და მარიამ ჯანაშვილს მოუწიათ. პირველი მათგანი, რომელიც უმსუბუქეს, 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთო და იქვე დაასრულა. ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ყაზახ აბუბა აბუზახინოვასთან ორ წუთსა და 12 წამში დამარცხდა.

საწყის ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას მარიამ ჯანაშვილიც. საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული წევრი 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეთექვსმეტედფინალში ისრაელის წარმომადგენელ მაიან გრინბერგთან დამატებით დროში დამარცხდა.

ხვალ ასპარეზობაში კიდევ ორი ქართველი ჩაერთვება და ორივე მათგანი მერვედფინალიდან დაიწყებს. მარიამ ჭანტურია (-78) ყაზახეთის ნაკრების წევრს, დიბარ უმირალიევას შეხვდება, სოფიო სომხიშვილი (+78) კი -უნგრელ კიტი ჰაჯის დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ვარშავაში კიდევ ორი ქართველი, მზია ბებოშვილი და ეთერ ლიპარტელიანი, გაემგზავრა, თუმცა ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, ისინი ტურნირში მონაწილეობას არ იღებენ.