ქალთა ერთა ლიგა - საქართველოს ნაკრები მალტასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში მალტას უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
„მიხეილ მესხზე“ გამართული მატჩი სტუმრებმა კარგად დაიწყეს და ორბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს. 27-ე წუთზე ფლანგური გადაცემა მარია ფარუჯამ დააგვირგვინა. სამ წუთში მალტელების კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა ისევ მარჯვენა ფლანგზე განვითარდა და ანგარიში ორამდე ჰეილი ბუჯეიამ გაზარდა.
44-ე წუთზე მარია ფარუჯამ დუბლი შეასრულა და ანგარიში 0:3 გახადა.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა დამაიმედებლად დაიწყო – 59-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა ტატიანა მატვეევამ გაამწვავა და მისი გადაცემით სხვაობა თეონა ბაქრაძემ შეამცირა. ირის ანტმანის გუნდი თამაშის გადარჩენას შეეცადა. ამის შანსი ბაქრაძეს ჰქონდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ ორჯერ დარჩა, მაგრამ ორივეჯერ მიზანს ააცილა. 90+3-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი მაიკო ბებიას მეკარემ აუღო, მაგრამ დარტყმა გაამეორეს და ნათია დანელიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 2:3.
2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ჩვენი მეტოქეები ანდორა, მალტა და კვიპროსი არიან. B დივიზიონის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.
დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი ერთა ლიგის C2 ჯგუფში ისევ მალტასთან გამართავს, მაგრამ ამჯერად გასვლაზე – 8 მარტს გუნდები ერთმანეთს „ტა ქალის“ სტადიონზე დაუპირისპირდებიან.
