ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში დამატებით 60 ქალი მეწარმე ჩაერთვება
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში დამატებით 60 ქალი მეწარმე ჩაერთვება

საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 60 მეწარმე ქალი ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გაივლის. როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევა განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, მსგავსი პროექტები კი მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და დიდ კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება.

„პროექტი მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. ვიმუშავებთ დამწყებ ბიზნესმენ ქალებთან, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზესი და სურთ მისი გაფართოება. ვიმუშავებთ ასევე დიდ, შემდგარ, კომპანიებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ გაფართოვებასა და გაყიდვების გაზრდაში,“-აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

პროექტი სამ წლიანია და კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარები , ბიზნესის გაფართოების მიზნით, გრანტებსაც მიიღებენ.

„ტრეინინგების გავლის შემდეგ, მეწარმე ქალებს მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემს თავისი ბიზნესის განვითარების გეგმები სწორად დასახონ. ასევე, წარმოადგინონ საინვესტიციო წინადადებები და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში”, – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერმა, ნათია ნინიკელაშილმა.

პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.