საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებგვერდზე ეთერ ლიპარტელიანის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი ძიუდოისტი საკუთარ ისტორიას ჰყვება.
„მისი ისტორია სვანეთში დაიწყო, საქართველოს მთიან რეგიონში, დედაქალაქ თბილისიდან 400 კილომეტრში. რვა წლის ეთერი ლიპარტელიანი იყო მოუსვენარი ბავშვი, რომელიც ეძებდა რაიმეს, რომ გადაეტანა ზედმეტი ენერგია. როგორც ძიუდოს დიდი გულშემატკივარი, ეს საბრძოლო ხელოვნება მისი მთავარი არჩევანი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, მას გარკვეული ბარიერები შეექმნა“, – წერს სტატიის ავტორი გრეის გულდინგი.
ეთერ ლიპარტელიანი: „ამ სპორტში თავდაპირველად ძალიან დიდი დაბრკოლებები შემხვდა, ძიუდოს ჩემი ნათესავები ეწინააღმდეგებოდნენ, მათ შორის დედაც. ის ძიუდოს მძიმე სპორტად მიიჩნევდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავი დამენებებინა, მაგრამ მამაჩემმა და ბიძამ ყველაფერი იღონეს, რომ ამ სპორტში დავრჩენილიყავი”.
ეთერმა ძიუდოისტის კარიერა სვანეთის ერთ-ერთ კლუბში დაიწყო. 100 ბიჭს შორის ერთადერთი გოგონასთვის ვარჯიში ძალიან რთული აღმოჩნდა და, საბოლოოდ, თბილისში გადმოსვლის სურვილი გაუჩნდა. 10 წლის ასაკში მან მიიღო თამამი გადაწყვეტილება, სპორტული მიღწევების იმედით დაეტოვებინა ოჯახი, კომფორტის ზონა.
ეთერ ლიპარტელიანი: „10 წლის ვიყავი, ბიძაჩემმა რომ წამიყვანა თბილისში. ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის. მომიწია ოჯახის დატოვება, მშობლებისგან და და-ძმებისგან შორს ყოფნა. ძალიან მომენატრა ისინი, რადგან სვანეთში ხშირად ვერ ჩავდიოდი. ცუდად ვგრძნობდი თავს და ბევრს ვტიროდი, მაგრამ არასდროს ვნებდებოდი. ძიუდოს სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერს ვაკეთებდი წარმატების მისაღწევად. გამუდმებით ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიჭირს, ოჯახი მენატრება, ხვალინდელი დღე გაცილებით ნათელი იქნება და როცა წარმატებული გავხდები, სიხარულის გრძნობა ყველაფერს დაჩრდილავს“. ასე დაიწყო მისი მოგზაურობა. ეთერი ამბობს, რომ უპირატესობა ჰქონდა მის ახალ სპარინგ პარტნიორ ქალებთან შედარებით: „გოგონების ჯგუფში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ შეუფერხებლად წარიმართა, რადგან რამდენიმე წლის განმავლობაში ბიჭებთან ვარჯიშმა ფიზიკურად გამაძლიერა“.
თუმცა, ეს უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მას საბოლოოდ მოუწია ძიუდოს სტილთან ადაპტირება. ის თავის მწვრთნელთან ერთად მუშაობდა „სრულიად განსხვავებული ეთერის“ შესაქმნელად. მან განმარტა, რომ მწვრთნელმა მას ყველა გდება სხვაგვარად ასწავლა, რათა ქალთა ძიუდოში ასპარეზობა შეძლებოდა. ეთერმა არა მარტო მოახერხა ძიუდოსთნ ადაპტაცია, არამედ ამ პროცესში ისტორია დაწერა.
ეთერ ლიპარტელიანი: „ქართველ ქალთა ძიუდოში აქამდე არცერთ დიდ ტურნირზე ოქროს მედალი არავის მოუპოვებია და მე ეს მოვახერხე. ისტორია დაიწერა, როგორც იუნიორთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლების მოპოვებით. ამ ყველაფერმა მომცა დიდი მოტივაცია და დავიწყე დიდი სლემისა და გრან პრის მედლების მოგება უფროსებში. სერიოზულ ძიუდოისტად გარდავისახე. ადრე თუ ჩვენს მეტოქეებს ტურნირის ფურცლებზე ქართული გვარის ხილვისას ეცინებოდათ, დღეს არ მგონია, იგივე ხალისიანი განწყობა იყოს, როცა ისინი გვხვდებიან“.
მისი წარმატებებით, ძიუდოს ნამდვილ ხასიათთან ერთად, ლიპარტელიანი საქართველოში ქალთა შორის ძიუდოს პიონერად ჩამოყალიბდა. გარდა კონკურენტული მიღწევებისა, იგი აღიარებულია ქართულ ძიუდოში ქალებისთვის ბარიერების დარღვევით. ის განსაკუთრებით ოპტიმისტურად უყურებს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძლიერი შერეული ნაკრების შესაძლებლობებს.
ეთერ ლიპარტელიანი: „ქართველები დიდი მეომრები ვართ, შეუპოვრები, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არასოდეს დავნებდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები 2024 წელს პარიზში უძლიერესი შემადგენლობით წარდგებიან და ჩვენ, ქართველი ქალები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთიანი გუნდის გვერდით ვიყოთ და გუნდურ შეჯიბრში საუკეთესო ხარისხის მედლები მოვიპოვოთ. ჩემი აზრით, ქართული ძიუდოს იდეალური მომავალი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე გუნდური ოქროს მედლის მოპოვება იქნება. ასე რომ, უფრთხილდით შერეულ გუნდებს, საქართველოს ნაკრები მოდის თქვენს გზაზე“.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 24-26 მარტს ძიუდოში გრანდ სლემი გაიმართება, რომლის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ge-ზე. ბილეთის ფასი სამივე საშეჯიბრო დღეს 10 ლარიდან 25 ლარამდეა.
წინასწარი შეხვედრები, სავარაუდოდ, 10:00 საათზე დაიწყება (ზუსტი დრო 23 მარტს, წილისყრის შემდეგ გამოცხადდება), ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათზე გაიმართება. გრანდ სლემი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.