ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონა“ და „ლიონი“ ითამაშებენ #1TVSPORT

16:45, 04.05.2026

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური წყვილი ცნობილია. 23 მაისს ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ესპანური „ბარსელონა“ და ფრანგული „ლიონი“ დაუპირისპირდებიან.

გუნდები ფინალში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ნახევარფინალში „ლიონმა“ – ინგლისური „არსენალი“, ხოლო კატალონიელებმა მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხეს.

***

ემირეითს სთედიუმზე“ გამართული პირველი შეხვედრა „არსენალსა“ და „ლიონს“ შორის ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1), თუმცა მეორე შეხვედრაში ფრანგებმა მეტოქეს „პარკ ოლიმპიკ ლიონის“ სტადიონზე უმასპინძლეს და დაამარცხეს (3:1).

ორი მატჩის ჯამში „ლიონმა“ 4:3 მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

***

მეორე ნახევარფინალურ წყვილში, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ბარსელონას“ შორის პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

გუნდების ბედი გუშინ „სფოთიფაი კამპ ნოუზე“ გადაწყდა, სადაც მასპინძლებმა მეტოქე 4:2 დაამარცხეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ბარსელონას“ ნახევარმცველი ალექსია პუტელასი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

პუტელასი 86-ე წუთზე შეცვალეს, მან მოედანი ატირებულმა დატოვა, რაზეც მატჩის შემდეგ ილაპარაკა.

„როგორ შეიძლებოდა, ემოცური არ ვყოფილიყავი, როცა „სფოთიფაი კამპ ნოუ“ კვლავ სავსეა და ქუჩებში ყველგან „ბარსელონას“ მაისურებს ვხედავ.

ბოლოს, როდესაც შეცვლაზე ჩემი ნომერი დავინახე, მთელი კვირის ნაგროვები ყველა ემოცია ერთად მომაწვა, ამიტომაც ავტირდი, სულ ესაა. დღის ბოლოს ემოცების გამოხატვა ცუდი არ არის“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

***

„ბარსელონას“ ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. „ლიონთან“ ფინალური შეხვედრა კი ესპანური გრანდისთვის მეოთხე იქნება. გუნდები ერთმანეთს 2019, 2022 და 2024 წელს დაუპირისპირდნენ, საიდანაც პირველი ორი – „ლიონის“, ხოლო ბოლო „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი