ქალთა ჩემპიონთა ლიგა | „ლანჩხუთმა“ „კლიფტონვილს“ სძლია და ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში „ლანჩხუთი“ ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილს“ დაუპირისპირდა, 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას „ფადილ ვოკრი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „ლანჩხუთმა“ მეტოქის იმედები მეორე ტაიმში გააბათილა. ქალთა ფეხბურთის გამორჩეულმა ტალანტმა, 16 წლის ანანო წიქარიძემ 55-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ერთ წუთში კი ეთერ სულაშვილმა ჩვენი ჩემპიონის უპირატესობა უფრო გაზარდა.
მართალია, 90-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მცველმა, ები მეგიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ლანჩხუთმა“ დარჩენილ დროში უპირატესობა შეინარჩუნა და ჯგუფების გამარჯვებულის სტატუსით მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა.