ქალთა ჩემპიონატში ორი რეკორდი დაფიქსირდა - კვარაცხელიას „ნიკე“ დაუმარცხებელია
ქალთა ჩემპიონატში ორი რეკორდი დაფიქსირდა - კვარაცხელიას „ნიკე“ დაუმარცხებელია

თბილისის „ნიკე“ ქალთა ლიგაში კვლავ დაუმარცხებელია. ჩემპიონატის მე-9 ტურში, შარშანდელმა ვიცეჩემპიონმა „ნორჩი დინამო“ 5:1 დაამარცხა – საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გია კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილს კვლავ ქულების მაქსიმალური რაოდენობით ლიდერობს.

მიმდინარე ჩემპიონატში რეკორდული ანგარიში დაფიქსირდა – „მართვემ“ გათამაშების დებიუტანტი „თუშეთი“ 20:1 დაამარცხა. ქუთაისელმა ლანა გორგაძემ, რომელიც ფეხბურთს წელს ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნდა, 8 გოლი გაიტანა, ხოლო იმერელთა ამერიკელი ლეგიონერის ლაურა ლებერის ანგარიშზე 6 გოლია.

მორგი 3 ქულა ჩაიწერა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე, „ბათუმს“ 6:0 სძლია – 3 გოლი ხატია ჭყონიას ანგარიშზეა. ასეთივე ანგარიშით დასრულდა შეხვედრა ხობში, სადაც „კოლხეთმა“ „ზარზმას“ მოუგო, ჩხოროწყუში კი ხაშურის „ივერიამ“ „სამეგრელო“ 5:2 დაამარცხა.

ორციფრიანი ანგარიში კიდევ ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა – „გორი იუნაიტედმა“ 12:0 გათამაშების დებიუტანტი „მცხეთა“ დაამარცხა. მცხეთელების კარში 10 გოლი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრმა, ეთერ სულაშვილმა გაიტანა და რეკორდსმენი გახდა – საქართველოს ქალთა ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც უხვგოლიანობას არ უჩივის, ერთ მატჩში ამდენი გოლი ჯერ არავის გაუტანია.

მე-9 ტურის ბოლო მატჩი თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ჩატარდა. ქალთა ლიგის დებიუტანტი გუნდები „კვარტალი“ სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა. ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მომდევნო, მე-10 ტური, 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი.