ქალი, რომელსაც კორონავირუსი ყარაჯალაში დაუდასტურდა, თბილისში, დიდუბის ბაზარში მუშაობდა
ქალი, რომელსაც კორონავირუსი ყარაჯალაში დაუდასტურდა, თბილისში, დიდუბის ბაზარში მუშაობდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებულ 63 წლის ქალს სოფელში ბევრი კონტაქტი არ ჰქონია და სამი პირი მოძიებულია.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ქალი რაიონში ორი დღის წინ შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად ჩავიდა. მისივე ინფორმაციით, ქალი თბილისის მცხოვრებია და დიდუბის ბაზარში მუშაობდა.

„ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, იმავე საღამოს ქალმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ქალი თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. მოძიებულია სამი კონტაქტი, მათ უკვე აუღეს სინჯები და გადაყვანილი არიან საკარანტინო ზონაში. ქალი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და იქ გააგრძელებენ ეპიდკვლევას. რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს, კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება, ხომ არ მოხდა პირადი ჰიგიენის დარღვევა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ინფიცირებული ქალი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.