ქალი, რომელსაც კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, მანამდე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშიც იმყოფებოდა
ქალი, რომელსაც კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, მანამდე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშიც იმყოფებოდა

60 წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურა, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლამდე ქალის დაინფიცირების წყარო და კონტაქტები ჯერ დადგენილი არ არის.

მისივე თქმით, ეს არის ბათუმში დაუდგენელი ინფექციის წყაროდან შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა.

„ინფიცირებული ცხელების ცენტრამდე მუცლის ტკივილითა და დიარეით მივიდა სხვა კლინიკაში, ემერჯენსის განყოფილებაში მოგეხსენებათ არის საგანგებო სიტუაცია და მედპერსონალი იყო ეკიპირებული, მაგრამ კლინიკის ხუთი თანამშრომელი კარანტინში, ორი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფიცირებული იმყოფებოდა ასევე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ბუნებრივია არ დავასახელებ, რადგან იქ მიმდინარეობს კონტაქტების იდენტიფიკაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის არ არის მძიმე. ამჟამად ბათუმში კლინიკაში რჩება 10 ინფიცირებული.