ქალებთან არასწორი პარალელის გავლებისთვის, ემრე ჯანი ბოდიშს იხდის
ქალებთან არასწორი პარალელის გავლებისთვის, ემრე ჯანი ბოდიშს იხდის

„იუვენტუსისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ემრე ჯანმა ბოდიში მოიხადა იმ კომენტარისთვის, რომელიც კრიშტიანო რონალდოს მოედნიდან გაძევების თაობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ ქალების დაკნინება მისი მიზანი სრულებით არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, „ვალენსიასა“ და „იუვენტუსს“ შორის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს, მსაჯმა კრიშტიანო რონალდო მოედნიდან გააძევა. მოგვიანებით, ემრე ჯანმა სოციალურ ქსელში შემდეგი კომენტარი დაწერა: „ჩვენ ქალები არა ვართ, ჩვენ აქ ფეხბურს ვთამაშობთ“, რაშიც იგულისხმა, რომ მცირე შეხებაზე ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება არასწორია.

ამ განცხადებას წამსვე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია და გერმანელი ფეხბურთელი გენდერულ შოვინიზმში დაადანაშაულეს.

ამის გამო, ჯანმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული.

„ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რამხელა პატივს ვცემ ქალებს. ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარი არ ისახავდა მიზნად ქალების ან ქალთა ფეხბურთის დაკნინებას“, – განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა, – „მე უბრალოდ მინდოდა მხარდაჭერა გამომეხატა ჩემი თანაგუნდელის მიმართ, რომელიც, ჩემი აზრით, მოედნიდან უსამართლოდ გააძევეს. გულწრფელად ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემმა განცხადებამ რაიმე სახით შეურაცხყოფა მიაყენა“.