სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ იურისტი - ზარალის დათვლა მხოლოდ ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ მოხდება
სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ იურისტი - ზარალის დათვლა მხოლოდ ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ მოხდება

რამდენი მოვაჭრე დაზარალდა ხანძრის შედეგად, ვერ გავარკვევთ, სანამ დაზარალებულებსა და ადმინისტრაციას სახანძრო სამსახური ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ მოგვცემენ. ამის შესახებ ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ იურისტმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.

როგორც კვერენჩხილაძემ აღნიშნა, სავალდებულო დაზღვევის დადგენილება ამ კომპანიასთან მიმართებაში ჯერ ამოქმედებული არ არის.

„კომპანიას სავალდებულო დაზღვევა აქვს, მაგრამ დადგენილება პირველი მარტიდან შევა ძალაში. შესაბამისად, ამ დროისთვის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედებული არ არის. თუმცა, რაც შეეხება ზოგადად შენობას, დაზღვეულია. ასევე, დაზღვეულია ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ობიექტიც“, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

ასევე, იურისტის განცხადებით, მოვაჭრეების უმრავლესობა ბაზრობა „თერგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდება. გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, სავაჭრო ადგილის გარეშე არ დარჩება არც ერთი ადამიანი და სავაჭრო ცენტრიც უახლოეს პერიოდში აღდგება.

ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 00:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.

გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.