ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე არსებული მეწყრული უბნის აღდგენისა და დამცავი სამუშაოების განხორციელების მიზნით 2026 წლის 11 ივლისიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მათივე ცნობით, ამ პერიოდში, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა სპეციალურად მოწყობილ შემოვლით გზაზე გადაერთვება.
სამუშაოების პერიოდში, ონის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა–ონის საავტომობილო გზების გავლით და პირიქით.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე აიკრძალება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომელთა მაქსიმალური დასაშვები მასა 8 ტონას აღემატება.
„მიმდინარე წლის პირველ მაისს, ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ვითარების შეფასებასა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ჩართული იყვნენ გეოლოგები, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი სპეციალისტები.
მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად პარალელურად მოეწყო დროებითი ალტერნატიული გზა, რომელზეც უკვე დაგებულია ასფალტის საფარი. ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობასა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს, ძირითად გზაზე მიმდინარე სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად ისარგებლონ შემოვლითი მარშრუტით.
ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით, მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.