ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. დაშავებულია 83 პირი. მათი დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სადღესასწაულო დარბაზთან რამდენიმე საათის წინ აიფეთქა. თავდასხმის დროს რელიგიური პირები მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად იკრიბებოდნენ. საერთო ჯამში ტერიტორიაზე ასობით პირი იმყოფებოდა.

ქვეყანაში მოქმედი მოძრაობა „თალიბანი“ და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ რელიგიურ ღონისძიებებს საკმაოდ ხშირად ესხმიან თავს, თუმცა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერაქტში მათი წევრი გარეული არ არის.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, გასულ თვეში გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 56 პროცენტს აკონტროლებს.