ქაბულში შეიარაღებული პირები ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის კერძო კომპანიას თავს დაესხნენ
ქაბულში შეიარაღებული პირები ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის კერძო კომპანიას თავს დაესხნენ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებული პირები ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის კერძო კომპანიას თავს დაესხნენ. თავდასხმისას სულ მცირე 10 პირი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

შეიარაღებულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ცენტრალური აზიის ქვეყნის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი უსაფრთხოების სამსახურის ბრიტანული კომპანია G4S-ის შენობასთან ამოქმედდა.

Reuters-ის ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე მაღაზიები, საცხოვრებელი სახლები და ქარხნები დაზიანდა. ამის შემდეგ კი, კომპანიის შენობაში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

Reuters-ის ცნობით, ბრიტანული კომპანიის კარგად დაცულ ტერიტორიაზე „თალიბანის“ წევრების თავდასხმა აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის მთავრობის მცდელობის მიუხედავად, ქაბული დღემდე დაუცველია.

ბრიტანული კომპანია G4S-ი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური უსაფრთხოების სამსახურია. მისი წარმომადგენლები ავღანეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოს და მისი მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.