ქაბულში გაერო-ს კუთვნილი ავტომობილი აფეთქდა
ქაბულში გაერო-ს კუთვნილი ავტომობილი აფეთქდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს კუთვნილი ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინციდენტის დროს დაშავდა კიდევ ხუთი პირი.

ამასთან, დღეს დაიკუნდის პროვინციაში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ წევრები ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. შეიარაღებული დაპირისპირება ოთხს საათს გაგრძელდა. თავდასხმას უსაფრთხოების ძალების რვა წევრი ემსხვერპლა.

პარალელურად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები „თალიბანის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებენ ყუნდუზის პროვინციაში, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. შეტაკების დროს, რადიკალური ორგანიზაციის სულ მცირე სამი წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა.