ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაშავებულია შვიდი ადამიანი
ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაშავებულია შვიდი ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აფეთქება ქალაქის ე.წ. მწვანე ზონასთან მოხდა, სადაც სამთავრობო და დიპლომატიური მისიების შენობებია განთავსებული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის სამიზნე ერთ-ერთი პარლამენტარის საცხოვრებელი სახლი იყო. აფეთქების შემდეგ, ადგილზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და მშვიდობიანი მოქალაქეები ალყაში მოაქცია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.