პუტინს ვიკიპედიის დიდი რუსული ენციკლოპედიით ჩანაცვლება სურს
პუტინს ვიკიპედიის დიდი რუსული ენციკლოპედიით ჩანაცვლება სურს

ვლადიმერ პუტინს ვიკიპედიის რუსული განყოფილების უფრო „სანდო“ ვერსიით ჩანაცვლება სურს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსული ენის მომავალთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნება, თუ ვიკიპედია ჩანაცვლდება ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით. პუტინის თქმით, „ეს იქნება სულ მცირე სანდო, თანამედროვე გზით წარმოდგენილი ინფორმაცია“.

პუტინი გულისხმობდა 2007-2017 წლებში ბეჭდური სახით გამოცემულ რუსულ ენციკლოპედიას.

სექტემბერში მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს 1,7 მილიონი რუბლი დახარჯოს ვიკიპედიის მსგავსი ონლაინ-რესურსის შექმნაში.

ვიკიპედია პუტინმა ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორის კითხვაზე პასუხისას ახსენა. რექტორი ჩიოდა, რომ ვერდიქტის გამოტანისას სასამართლოები ვიკიპედიას იყენებენ.

ვიკიპედიის რუსულენოვან განყოფილებაში ამჟამად 1,5 მილიონზე მეტი სტატიაა.

2015 წელს, რუსეთში ვიკიპედია ცოტა ხნით დაბლოკეს კანაფის ერთ-ერთი ფორმის შესახებ არსებული სტატიის გამო.

დატოვე კომენტარი