რუსული მედიის ცნობით, პუტინმა რუსეთის ინტერნეტქსელის მდგრადობის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ინტერნეტქსელის მდგრადობის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. რუსულ მედიაში აღნიშნულია, რომ კანონი ქვეყანაში არსებული ინტერნეტის ქსელის დაცვას ისახავს მიზნად, იმ შემთხვევაში თუ მის გამართულად ფუნქციონირებას უცხო ქვეყნების მხრიდან საფრთხე დაემუქრება. კერძოდ, შეიქმნება ინტერნეტის მონიტორინგისა და მართვის ცენტრი, რომელიც ნებისმიერი ექსტრაორდინარული ვითარების დროს, რუსეთის ტერიტორიაზე ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ახალი კანონი მიმდინარე წლის ნოემბრიდან შევა ძალაში. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებების ინფორმაციები ინტერნეტსივრცეში დამატებით იქნება დაცული დაშიფრვის მეთოდით.