პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და „პურის მრეწველთა კავშირი“ მთავრობას სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ
პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და „პურის მრეწველთა კავშირი“ მთავრობას სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი“ საქართველოს მთავრობას სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა სახელმწიფომ კვლავ აამოქმედოს ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, ფქვილსა და პურზე სტაბილური ფასები შენარჩუნდეს.

მათივე განცხადებით, საქართველოს ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი ღონისძიებები თუ არ განხორციელდება, 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე.

„უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად, საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული ვითარება. ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიო ხორბლის ბაზარზე პერმანენტული რყევებია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორებით რომელიც მსოფლიომ განიცადა „კოვიდ-19“-ის მომდინარეობით, კერძოდ: მსოფლიოში ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნებით, გამწვავებული ლოჯისტიკური პრობლემებით, ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ხორბლის შეზღუდვებით, მისი გავლენით ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე, შედეგად მსოფლიო ბალანსის და შესაბამისად ხორბლის ფასების აღმავალი ტრენდით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირველი ტალღის (მარტი-აპრილის თვეებში) პერიოდში, მთავრობისა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციის და ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ყველა ზემოთ აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავება, პირველ ყოვლისა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რამაც საშუალება მოგვცა, იმ პერიოდში მინიმალური დანაკარგებით და მივსულიყავით ივლისის თვემდე ანუ 2020/21 წლის ახალ მოსავლამდე, როდესაც ფასები ტრადიციულად სტაბილურდება.

ამ პერიოდში წისქვილკომბინატებმა შეძლეს მარაგების შევსება, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი ხორბლით, შედარებით მისაღებ ფასად 200$/ტონის ფარგლებში სექტემბრის თვემდე, თუმცა შემდგომ თვეებში ხორბლის და შესაბამისად, ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად, ფასი კვლავ გაიზარდა. დღეს უკვე 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში მერყეობს და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ხორბლის ექსპორტიორი რვა ქვეყნიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი , რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) ექვსში დაფიქსირდა მოსავლის და  საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოს 30 %-ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარებას.

რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ნომერ პირველი ხორბლის ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, წლის განმავლობაში უკვე მეორედ განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით, გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანს.
შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე.

მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა, ამ თვეების განმავლობაში წისქვილკომბინატებმა და პურის მწარმოებლებმა არსებული გარდამავალი მარაგების ხარჯზე, ახალი და ძველი პარტიების საშუალო შეწონილი ფასებით, ასევე შიდა რეზერვების ხარჯზე შევძელით შეგვენარჩუნებინა ფქვილის და პურის ფასების სტაბილურობა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. 200 $/ტონა-დან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად, დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებაში და შეესაბამება 270 $/ტონა ნიშნულს.

მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილსა და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი – 270$/ტონა. შესაბამისად, 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით, 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას“ და „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს“, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფქვილის და პურის ფასის შემდგომი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოგიწოდებთ ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის მიღებული რეკომენდაციების სრულად გამოყენებისკენ.

ჩვენი მხრივ კვლავ ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს ბაზარზე შენარჩუნდეს ფქვილსა და პურზე სტაბილური ფასები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი