„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ფქვილზე 53-ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა, 50 ლარად თუ მოგვცემენ, მაშინ წარმოებებს შევინარჩუნებთ
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ფქვილზე 53-ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა, 50 ლარად თუ მოგვცემენ, მაშინ წარმოებებს შევინარჩუნებთ

ფქვილზე 50-ლარიანი სუბსიდირება თუ არ იქნება, 53-ლარიანი სუბსიდირება აზრს კარგავს. ამ შემთხვევაში, კიდევ რაღაცით ჩვენ წარმოებებს და იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რომელიც არის. ანდა სხვა გზა არ რჩება, დღევანდელ დღეს ათი თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, – ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ერთი თვე სუბსიდირება იქნება.

„ახალი მოსავალია, ამიტომ ამ პერიოდს ახასიათებს ფქვილზე ფასების დაწევა, რაც მოხდა კიდეც. მეექვსე თვეა მას შემდეგ, რაც შეგვითანხმდნენ და 53 ლარად ვიღებთ ფქვილს. ამ ექვს თვეში ვალუტა შეიცვალა, საფუარის, მარილის ფასი შეიცვალა, საწვავზე რა ამბავია და დისტრიბუცია ძალიან გართულდა. კორონავირუსის გამო ყველა პური შეფუთული გამოდის და ესეც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან შესაფუთი მასალა საქართველოში თითქმის არ მზადდება და სულ შემოაქვთ უცხოეთიდან. აქ რასაც ამზადებენ, ისიც ძალიან ძვირია. ჩვენთვის უკვე 53-ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა. ყველა წარმოებაში არის გარკვეული პრობლემა. ფქვილს დაახლოებით 50 ლარად თუ მოგვცემენ, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენ წარმოებებს და იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რომელიც არის. სხვა გზა არ რჩება, დღევანდელ დღეს ათი თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, რათა ჩვენ თავი შევინახოთ და გავიტანოთ წარმოება. სუბსიდირების თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა. ჯერჯერობით ერთი თვე სუბსიდირება იქნება. იმისათვის, რომ პურზე ფასი შენარჩუნდეს, კარგი იქნება, სუბსიდირების თანხა, გახდეს 50 ლარი“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.