„პროტესტის გამოხატვა ძეგლების შეურაცხყოფის გარეშეც შეიძლებოდა“
„პროტესტის გამოხატვა ძეგლების შეურაცხყოფის გარეშეც შეიძლებოდა“

თბილისის ვიცე-მერი დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ძეგლზე პირბადეების გაკეთების საკითხს გამოეხმაურა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული აქცია მერიის მიერ ორგანიზებული ან ნებადართული არ არის.

„ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, არც, მით უმეტეს, ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით“, – აღნიშნა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ძეგლებზე პირბადეების გაკეთებას თბილისის მერიის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

„ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომები იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები, აუცილებლად გავატარებთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ არიან აქციის ორგანიზატორები.

დედაქალაქში რამდენიმე ძეგლზე პირბადეები დღეს დილიდან გამოჩნდა.