პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ
პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევენ.

საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას – საქართველოს პროკურორთა კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორი, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახსნის.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის რვა პროკურორია. საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ოთხი წლით განისაზღვრება. აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება“, – აღნიშნულია პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2019 წლის 20 და 21 ოქტომბერს ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა საპროკურორო საბჭოს ექვს პროკურორ წევრს ეწურება. შესაბამისად, დღეს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების შემადგენლობით, არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით:

ორი წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე;

ერთი წევრი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;

ორი წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული – საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;

​ერთი წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი, ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

„საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი“, – აღნიშნულია პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პროკურორთა კონფერენციას დაესწრებიან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აღნიშნავენ, კონფერენციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულია სახალხო დამცველი, კონფერენციას ასევე დაესწრებიან ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის ის წარმომადგენლები, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის და ევროკავშირის ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის“ პროექტის მხარდაჭერით სასტუმროში ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ტარდება.