საპროკურორო საბჭოს ორი ახალი წევრი ეყოლება
საპროკურორო საბჭოს ორი ახალი წევრი ეყოლება

საპროკურორი საბჭო 22 მარტს ორ ახალ წევრს აირჩევს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს ორ პროკურორ წევრს   ნათია სონღულაშვილს და გიორგი გაბოძეს ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება, რადგან მათ დაიკავეს საპროკურორო საბჭოს წევრთან შეუთავსებელი თანამდებობა. კერძოდ, ნათია სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად დაინიშნა, ხოლო გიორგი გაბოძე  –  შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით;

• სამი წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;

• ერთი  წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

• სამი  წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

•  ერთი წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მთავარი პროკურატურის ცნობით, პროკურორებისგან და პროკურატურის გამომძიებლებისგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით აირჩევა.

„საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. აქვე გაცნობებთ, რომ კონფერენცია ღიაა და მასზე დასწრების უფლებით დაიშვებიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის აკრედიტირებული წარმომადგენლები, რომლებმაც კონფერენციის ჩატარებამდე, აკრედიტაციის მისაღებად უნდა მომართონ საქართველოს მთავარი პროკურატურის კანცელარიას, ან გამოგზავნონ მოთხოვნა საქართველოს პროკურატურის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]  2018 წლის 21 მარტს 18:00 საათამდე“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.