პროკურორმა რობერტ მიულერმა Trump Organization-ს დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა
პროკურორმა რობერტ მიულერმა Trump Organization-ს დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა Trump Organization-ს დოკუმენტების წარდგენა ოფიციალურად მოსთხოვა. ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სპეციალური პროკურორის ოფისი სხვა დოკუმენტებს შორის რუსეთთან დაკავშირებულ საბუთებს ითხოვს.

როგორც The New York Times-ი აღნიშნავს, ეს პირველი გახმაურებული შემთხვევაა, როდესაც მიულერმა დონალდ ტრამპის ბიზნესსაქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული საბუთები მოითხოვა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე Trump Organization-ს ხელმძღვანელობდა. კომპანიას ამჟამად მისი შვილები მართავენ.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესს“ Trump Organization-ში განუცხადეს, კომპანია ყოველთვის თანამშრომლობს სპეციალურ პროკურორთან და ყველა მის მოთხოვნას პასუხობს. ამავე დროს, კომპანიაში არც დაადასტურეს და არც უარყვეს ინფორმაცია, რომ რობერტ მიულერმა საბუთების წარდგენა მოითხოვა.