პროკურორი ზვიად გუბელაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ, კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში
პროკურორი ზვიად გუბელაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ, კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში

გვაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ, კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნიკა გვარამიამ და კახა დამენიამ დანაშაული ჩაიდინეს.

„მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება და დანაშაული. გვაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ, კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. ჩვენ წარმოდგენილ საქმეში გვაქვს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ კონკრეტულ პირებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, აღნიშნული დასაბუთდა ასევე სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებით, რომ მაგალითად, ნიკა გვარამიას, ასევე კახაბერ დამენიას ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათი ქმედებით „რუსთავი 2“-მა განიცადა 6 700 000 ლარის ფინანსური ზიანი. შესაბამისად, თითქოს აქ სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა, აბსურდულია. ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობას იკავებს, პასუხს აგებს კანონის წინაშე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ფაქტია, დანაშაული სახეზე გვაქვს და „რუსთავი 2“-ის გადმოსახედიდანაც 6 700 000 ლარის ზიანი განიცადა ამ კომპანიამ“, – განაცხადა პროკურორმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.