პროკურორი - ყველა შემხვედრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა
პროკურორი - ყველა შემხვედრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა

ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა მინისტრი საქმეზე გამოკითხული არ არის. ყველა შემხვედრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა, – ასე უპასუხა 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე საუბრისას.

გიორგი მუჯირის თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

„გამოძიების ფარგლებში 200 პირია გამოკითხული. როგორც დაშავებული პირები ასევე სამართალდამცავი ორგანოს და მასმედიის წარმომადგენლები. ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილია დამუშავებული და დაუმუშავებელი კადრები. ასევე 15 საავადმყოფოდან და სასწრაფო სამედიცინო სამსახურიდან სამედიცინო დოკუმენტაციაა ამოღებული, რომელზეც სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს. საქმის ფარგლებში ტარდება ყველა შემხვედრი, აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების. მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების მიზნით. გამოძიების საგანი გახლავთ როგორც ცალკეულ შემთხვევებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, ასევე შსს-ს მხრიდან თანაზომიერების პრინციპის დაცვის საკითხი რაშიც ვგულისხმობ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება იყო თუ არა გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მეორე პირიც იქნა მიცემული, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. გამოძიება კვლავ გრძელდება დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების მიზნით. რომლის მიმართაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით შეიკრიბება მტკიცებულებები დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება დაწყებული მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა. გამოძიება გრძელდება სხვა პირების მხილების მიზნით. თავისთავად იგულისხმება, რომ იკვეთება სხვა პირთა მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტები და სწორედ ამ მიზნით გრძელდება გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში.

ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა მინისტრი საქმეზე გამოკითხული არ არის. ყველა შემხვედრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, მათშორის საჭიროების შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა“, – განაცხადა პროკურორმა.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული შსს-ს თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

დატოვე კომენტარი