პროკურორი - „თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე დაზარალებული არ არსებობს, თუმცა თავის დროზე ჩადენილი თაღლითობით ბანკი დაზარალდა
პროკურორი - „თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე დაზარალებული არ არსებობს, თუმცა თავის დროზე ჩადენილი თაღლითობით ბანკი დაზარალდა

„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე დაზარალებული არ არსებობს, თუმცა თავის დროზე ჩადენილი თაღლითობით ბანკი დაზარალდა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე, ადვოკატ ზვიად კორძაძის საპასუხოდ განაცხადა.

ადვოკატმა საქმეს აბსურდული უწოდა და პროკურორს ჰკითხა, ვინ არის ამ საქმის დაზარალებული.
პროკურორმა განმარტა, რომ 2008 წელს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თაღლითობა ჩაიდინეს, რითაც „თიბისი ბანკი“ დაზარალდა, თუმცა თაღლითობის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გასულია. ამის შემდეგ კი, პროკურორის განმარტებით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაული ჩაიდინეს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

​მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.