პროკურორი - სიცრუეა, თითქოს სააკაშვილს ვედავებით კაჩინსკის სამძიმარზე წასვლის ხარჯებს, საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტის ფუფუნებისთვის გამოყენებაზე, თუმცა ამ საქმეზე პოზიციის დაფიქსირება არ სურს
პროკურორი - სიცრუეა, თითქოს სააკაშვილს ვედავებით კაჩინსკის სამძიმარზე წასვლის ხარჯებს, საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტის ფუფუნებისთვის გამოყენებაზე, თუმცა ამ საქმეზე პოზიციის დაფიქსირება არ სურს

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სამძიმარზე წასვლის ხარჯებს ედავება.

მისივე თქმით, არაერთი სხდომაა, ითხოვენ, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს მტკიცებულებების გამოკვლევაში.

„ბრალდებულმა თქვა, თითქოს ჩვენ მას ვედავებით კაჩინსკის სამძიმარზე წასვლის ხარჯებს, მაგრამ ეს სიცრუეა, ასე არ არის. ჩვენ არაერთი სხდომაა, ვითხოვთ, ბრალდებული ჩაერთოს მტკიცებულებების გამოკვლევაში და გაგვცეს პასუხი გარკვეულ კითხვებზე. საქმეში საუბარია იმაზე, რომ ფუფუნებისთვის იყო გამოყენებული სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა ამ საქმეზე მას არ სურს პოზიციის დაფიქსირება“, – აღნიშნა პროკურორმა, რომლის განცხადებას დაცვის მხარესა და ბრალდების მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის, მას კი კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩასვლის გამო უპირებენ წლების მისჯას.

„რამდენიმე დღის წინ, ბათუმში გაიხსნა ჩემი ახლო მეგობრის, ალბათ ყველაზე ახლო მეგობრის მათგან, რომელიც მყავდა პოლიტიკაში, ლეხ კაჩინსკის ძეგლი. დღემდე, ყველა პოლონელს ახსოვს, როგორ ჩავედი ლეხ კაჩინსკის გასვენებაში. მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახის წევრი, ვინც დაესწრო უშუალოდ დაკრძალვის ცერემონიალს, ეს ეპიზოდი ჩადებულია პიჯაკების საქმეში და ამისთვისაც აპირებენ, 11 წელი მომისაჯონ. ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე ჩასვლის გამო მიპირებენ, გამიგრძელონ ვადა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.