პროკურორი - სასამართლოს მიერ აღკვეთის გამოყენება იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ნიკა მელიამ დანაშაული ჩაიდინა
პროკურორი - სასამართლოს მიერ აღკვეთის გამოყენება იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ნიკა მელიამ დანაშაული ჩაიდინა

ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ მიიჩნია, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ნიკანორ მელიას მიმართ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროკურორის თქმით, გაასაჩივებს თუ არა საგამძიებო უწყება მოსამართლე თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, სასამართლო გადაწყვეტილების წერილობითი ვერსიის ჩაბარდების შემდეგ გახდება ცნობილი.

„იმისათვის, რომ მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა, სასამართლომ დამატებითი ღონისძებები გამოიყენა ნიკანორ მელიას მიმართ. კერძოდ მას დაევალდებულა პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩაბარება სამართალდამცავ ორგანოში. მას აეკრძალა საჯარო გამოსვლები და საჯარო განცხადებები აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პირობებში. იგი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდეს სახლში და დატოვოს საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ სამართალდამცავთა წინასწარი ინფორმირების პირობებში. მას აეკრძალა ასევე ყოველგვარი ურთიერთობა იმ პირებთან, რომლებიც წარმოადგენენ მოწმეებს მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

რაც შეეხება გასაჩივრების საკითხს, მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება დასაბუთებული წერილობითი ვერსია სასამართლო გადაწყვეტილებისა, ანალიზის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი გასაჩივრების შესახებ.

ნებისმიერი მოსამართლე აღკვეთის ღნისძიების განხილვისას, ამასთან ერთად ამოწმებს არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი. ვინაიდან დღეს სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, ეს ნიშნავს რომ სასამართლომ შეაფასა მტკიცებულება და მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდი ნიკანორ მელიას მიმართ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით არსებობს“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.