პროკურორი - სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ყველა მტკიცებულება და ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავეებად ცნო
პროკურორი - სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ყველა მტკიცებულება და ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავეებად ცნო

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. სასამართლომ უბრალოდ კვალიფიკაციის ნაწილში სხვა შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას. მივიღებთ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით ამ განაჩენს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღდმდეგ საკმარისი იყო, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებიდანაც გამოჩნდა.

„ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო, ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, სასამართლომ განსხვავებული შეფასება მისცა ჩვენს კვალიფიკაციას და გადაწყვეტილება მხოლოდ შეცვალა კვალიფიკაციის ნაწილში. ჩვენ ჯერ ბუნებრივია არ მიგვიღია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ძალიან მოკლე განმარტება მოვისმინეთ გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამისად რომ მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, სამართლებრივ ნიუანსებს გავეცნობით, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ადასტურებდა ბრალდებულების ბრალეულობას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, დადასტურდა ეს. სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. მტკიცებულებები, რაც გვქონდა წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება გაიზიარა სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი დამნაშავედ ცნო, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან.