პროკურორი - სააკაშვილისა და ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, ბოკუჩავას გადასცეს „ეფლის“ ტელეფონი, ვერა ქობალიას აუღეს პასპორტი და ის 2008 წლის ომში დაინვალიდებულ პირად იყო მოხსენიებული
პროკურორი - სააკაშვილისა და ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, ბოკუჩავას გადასცეს „ეფლის“ ტელეფონი, ვერა ქობალიას აუღეს პასპორტი და ის 2008 წლის ომში დაინვალიდებულ პირად იყო მოხსენიებული

მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები მათი ფუფუნებისთვის, მათი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად იხარჯებოდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ხარჯები ცხრა მილიონზე ლარზე მეტ დანახარჯს მოიცავს და აქედან არცერთი თეთრი არ მოხმარებია ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესს.

„თეიმურაზ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილის საქმის მრავალწლიანი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ შეაჯერა და ანალიზი გაუკეთა სასამართლოში წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებს. ამ მტკიცებულებების განხილვამ ჩვენ ერთადერთ დასკვნამდე მიგვიყვანა. ისინი მხილებული არიან კორუფციულ დანაშაულში. მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები მათი ფუფუნებისთვის, მათი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად.

ხარჯები სამი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში ცხრა მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს. აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები, თინა ბოკუჩავა, სოფო ნიჟარაძე, ივანა მელაი, სხვა არარეზიდენტი ფიზიკური პირებიც, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სტუმრებს და მათი საქმიანობა სახელმწიფო საქმიანობასთან ვერ იქნებოდა დაკავშირებული. ამ ხარჯების ერთობლივი ანალიზით ერთადერთ დასკვნამდე მივდივართ, რომ ცხრა მილიონი დანახარჯიდან არცერთი თეთრი არ მოხმარებია ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესს. ბოკუჩავასთვის გადაცემული იყო „ეფლის“ მობილური ტელეფონი, მარიამ საჯაიასთვის ნაყიდი იყო 3 500 ლარად ოქროს სამკაული. ასევე ერთი კომიკური ხარჯი იყო, მაგალითად, ვერა ქობალიას აუღეს პასპორტი, თითქოს საქველმოქმედო მიზნები იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განსაზღვრული და ვერა ქობალია 2008 წლის ომში დაინვალიდებულ პირად იყო მოხსენიებული. სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ერთადერთ, სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს მათი დამნაშავედ ცნობის სახით“, – განაცხადა მუჯირმა.