პროკურორი - რუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება პირადი შურისძიების მოტივით გაუშვა
პროკურორი - რუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება პირადი შურისძიების მოტივით გაუშვა

რუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება პირადი შურისძიების მოტივით გაუშვა, – ამის შესახებ პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, რუსეთის მოქალაქე დაზარალებულს რამდენიმე წელია იცნობს და აცხადებს, რომ შურისძიების მცდელობა პირად მოტივს უკავშირდება.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 2 ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ გაასხურა ერთ-ერთ ოფისში მომწამვლელი ნივთიერება გაზი. მისი მიზანი იყო, დაზიანება მიეყენებინა ერთ-ერთი ნაცნობისთვის.  ქალი როდესაც ოფისში შევიდა, აღმოაჩინა, რომ გარკვეული სითხე იყო დაღვრილი, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს. მიუხედავად ამისა, აეროპორტის თანამშრომლებს ჰქონდათ კონტაქტი ამ ნივთიერებასთან და მიიღეს დაზიანებები. დანიშნულია სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა და განისაზღვრება ამ თანამშრომლების დაზიანების ხარისხი. უმეტესი ნაწილი დროულად გაწერეს საავადმყოფოებიდან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულს ბრალად წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვთ პატიმრობას ბრალდებულის მიმართ“, – განაცხადა მაია სილაგაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ მხუთავი აირით მოიწამლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო, რუსეთის მოქალაქე დააკავა.