პროკურორი – ნინო დათაშვილს ექსპერტიზა დაენიშნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენას ემსახურება

13:50, 06.08.2025

საქართველოს პროკურატურაში განმარტავენ, რომ ნინო დათაშვილს ექსპერტიზა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე დაენიშნა.

როგორც პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, მსგავსი ექსპერტიზა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენას ემსახურება და სადამსჯელო ღონისძიება არ არის.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილისათვის დანიშნული ექსპერტიზის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს და გავრცელებულ დეზინფორმაციას. პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯაროდ გვიწევს საუბარი, რადგან ეს არის კონკრეტული პირის პირადი ინფორმაცია და, როგორც წესი, საჯაროდ არ ვსაუბრობთ ხოლმე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარემ თავად წამოჭრა საკითხი, გვიწევს ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. რაც შეეხება ექსპერტიზის ჩატარებას, აღნიშნული გამოწვეულია არა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მოპოვებული რომელიმე მტკიცებულებით, არამედ უშუალოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სადაც სიტყვა სიტყვით არის მითითებული შესაბამისი სამედიცინო დიაგნოზი, რაც საფუძველი გახდა ექსპერტიზის ჩატარების. ამ დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული იმ ავადმყოფობის დიაგნოზი, რომელიც გახდა საფუძველი ექსპერტიზის ჩატარების. დამერწმუნეთ, ბრალდების მხარეს არანაირი ფიქრი, განზრახვა არ ჰქონია, რომ ექსპერტიზა დაენიშნა. მსგავსი ექსპერტიზა უტარდება ძალიან ბევრ ადამიანს და მერწმუნეთ, ეს არ არის ადამიანის მიმართ სადამსჯელო ღონისძიება, როგორც არასწორად ავრცელებენ, არამედ მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენას ემსახურება. აქვე კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ მსგავს შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, ვინ არის ბრალდებული, ტარდება მსგავსი ექსპერტიზები და ექსპერტიზის მიზანი არ არის დასჯა ან მისი სხვაგვარად დისკრედიტაცია, როგორც დაცვის მხარე აპელირებს. ექსპერტიზის ფარგლებში ხდება ბრალდებულსა და ექსპერტს შორის გასაუბრება და, მასზე დაკვირვების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, შეფასება. სამედიცინო დოკუმენტებში პირდაპირ მითითებულია თანმხლებ დაავადებად ფსიქო-ემოციური ლაბილობა, სწორედ ეს ჩანაწერი გახდა ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი. ამის შემდეგ ათასი ვერსია გავრცელდა მასმედიის საშუალებით. მერწმუნეთ, რომ აქ წამებას ან რაიმე სახის დასჯით მექანიზმებს ადგილი არ აქვს. ბრალდებული თუ არ შევა კომუნიკაციაში ექსპერტთან და უარს განაცხადებს ამ პროცესზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ექსპერტიზა ვერ ჩატარდეს. ეს უკვე ბრალდებულზეა დამოკიდებული, რამდენად გამოთქვამს სურვილს, ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი