პროკურორი - ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არის დასაბუთებული, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას
პროკურორი - ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არის დასაბუთებული, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის სამართლებრივი მოთხოვნა დასაბუთებულია.

მისივე თქმით, აქვთ გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს.

„გუშინ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გასცა თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე. შუამდგომლობა უკვე წარდგენილია სასამართლოში და დღეს არის ჩანიშნული სხდომა, სადაც განიხილება შუამდგომლობა, სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, კანონისმიერი, შესაბამისად, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნას“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება კონკრეტულად არგუმენტაციას, მიხეილ სადრაძის განმარტებით, ბრალდებულ ნიკა მელიას მიერ განხორციელებული ქმედებები კანონის დანაწესებს ეწინააღმდეგება.

„მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს არგადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას, არის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. სისხლის სამართლებრივ სივრცეში, სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ გამოყენებულ იქნას პატიმრობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოცხადება, და ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესს, მის განხორციელებას.

ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროცედურულად, სასამართლოს აქვს ალტერნატივა, გაიზიაროს ერთი ან მეორე მხარის პოზიცია და ამის შესაბამისად, როგორც ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სხვა საქმეზე დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა. ჩვენი პოზიციაა, შეიცვალოს უფრო მკაცრი ღონისძიებით. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, საბოლოო ვერსიას მოვისმენთ სასამართლო სხდომაზე“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის მოთხოვნას, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ გადაწყვეტილების აღსრულება.

„როგორც წესი, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს, კონკრეტული ვადა არაა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აღსრულდეს, მით უმეტეს, იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული საქართველოში იმყოფება, თუმცა მისი პოზიციები საზოგადოებისთვის ცნობილია“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად სამართლებრივია გირაოზე გირაოს მოთხოვნა, პროკურორი პასუხობს, რომ სამართალი ამას ითვალისწინებს.

„კანონმდებლობის ინტერპრეტაცია ამას ითვალისწინებს, მსგავსი განმარტება მომხდარა არა მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში და მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ არაერთხელ უცხო ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაშიც. აქედან გამომდინარე, ამაში არაბუნებრივი არაფერია“, – განაცხადა პროკურორმა.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.