პროკურატურა - ნიკა მელიამ სავარაუდო დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც სხვა საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მოწმობს, რომ ნაკლებად მკაცრმა ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა
პროკურატურა - ნიკა მელიამ სავარაუდო დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც სხვა საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მოწმობს, რომ ნაკლებად მკაცრმა ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა

ნიკანორ მელიას ბრალი ედება, რომ მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა ​პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობით სასჯელის სახით უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით.

„მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. ბრალდებული მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე ასევე სარგებლობს დიპლომატიური პასოპორტით და მისი გამოყენებით 2017-2018 წლებში ექვსჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მხედველობაში ვიღებთ რა ბრალდებულის საზღვარგარეთ ვიზიტებს, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობას და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების ფაქტს, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელიას თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას, საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორმა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაული ნიკა მელიამ იმ დროს ჩაიდინა, როდესაც მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებული.

მისი თქმით, ეს მოწმობს, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ, ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა.

„გასათვალისწინებელია, რომ ნიკანორ მელიას ბრალი ედება, იმაში, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, არსებობს საფრთხე ნიკანორ მელიამ გამოკითხულ და გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა, შევიდეს მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენებები“, – განაცხადა გულუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მოწმეთა შორის მისი მხარდამჭერებიც არიან.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შემდეგ, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.