პროკურორი - მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
პროკურორი - მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას ბრალდების საქმის განხილვა პროკურატურის მოწმის დაკითხვით გაგრძელდა. სამართალდამცველი ლევან ადეიშვილი, რომელიც გიორგი რურუას ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა, სასამართლო სხდომაზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, მოწმემ სასამართლოს ყალბი ჩვენება მისცა, ასევე მისი განცხადებით, მოწმეს არ ახსოვს ჩხრეკის ბევრი დეტალი და მათ შორის არც ის, თუ რა სახელმწიფო ნომრიანი ავტომანქანით გადაადგილდება ის. ადვოკატი აცხადებს, რომ რურუას ჩხრეკა არ მომხდარა ადგილზე და მისი ჩხრეკის ოქმის გაყალბება მოხდა.

ბრალდების მხარე მოწმის ჩვენებაზე ამბობს, რომ მისი ჩვენება თანაფარდობაშია საქმის მასალებთან. პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, მოწმემ მონაწილეობა მიიღო რურუას პირად ჩხრეკასა და დაკავებაში, ხოლო პროცესზე დაადასტურა, რომ ჩხრეკისას ამოღებული იყო იარაღი მჭიდით და ოთხი ვაზნით. ასევე, პროკურორის თქმით, მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სხვა ნივთებიც იყო ამოღებული.

ბრალდებულმა გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან რაც არადამაჯერებელია.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.