პროკურორი - მოწმეების ინფორმაციით, შოაიფ ბორზიევს დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი სასროლად მზადყოფნაში ჰქონდა 
პროკურორი - მოწმეების ინფორმაციით, შოაიფ ბორზიევს დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი სასროლად მზადყოფნაში ჰქონდა 

ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულის შოაიფ ბორზიევის დაკავების ოპერაციაზე სასამართლოს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მიაწოდეს.
დღევანდელ პროცესზე სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ის სამი თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც 2017 წლის 21 ნოემბერს შოაიფ ბორზიევი თბილისში დააკავეს.

საქმის პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, დახურულ პროცესზე სუს-ის თანამშრომლები მოყვნენ, თუ როგორ მოხდა ბორზიევის დაკავება. ასევე განაცხადეს, რომ მას ამოუღეს გლოკის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა თქვეს, რომ ბორზიევი ემუქრებოდა, წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცველებს და იარაღი სასროლად მზადყოფნაში ჰქონდა.

ასევე ბრალდების მხარის მტკიცებით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა კიდევ ერთმა მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ეხება თურქეთიდან ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლას და ასევე ამ მოწმემ ისაუბრა კონკრეტულად რომელი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ისინი.

მოწმეების დღევანდელ ჩვენებებზე დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას ვერც დღეს წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ.

ბრალდებულ რუსლან ალდამოვის ადვოკატის, მარი კუბლაშვილის თქმით, მოწმეების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ბრალდებულ შოაიფ ბორზიევის უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება არ მომხდარა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც სუს-ის თანამშრომლები დღეს საუბრობდნენ. ადვოკატი იმედა ქარქაშაძე ადასტურებს, რომ ბორზიევს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მისი თქმით, ამ იარაღს თავდაცვის მიზნით ატარებდა.

ტერორიზმის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 30 აპრილს გაიმართება.

ამ საქმეზე გამოძიება ორ პირს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ხოლო ოთხს ტერორიზმის მხარდაჭერას და ხელშეწყობას ედავება. ბრალდებულთაგან ერთი, რუსლან შავაძე მიმალვაშია.