პროკურორი - მოლოდინი გვაქვს, რომ კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება
პროკურორი - მოლოდინი გვაქვს, რომ კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვის თქმა უწევს, თუმცა შესაძლოა, ადვოკატმა მისი აცილების შუამდგომლობა დააყენოს.

ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრალდების ეპიზოდზე სასამართლო განხილვა უკვე სამი წელია მიმდინარეობს.

საქმეზე ბრალი ადეიშვილს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის აქვს წაყენებული.

„ეს საქმე ეხება კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მისი უფლებების არსებით დარღვევას. გონივრული ვადა ჰქონდა განსაზღვრული დაცვის მხარეს, იგი უნდა წარდგეს დასკვნითი სიტყვით. ჩვენ წინა სხდომაზე უკვე წარმოდგენილი გვაქვს დასკვნითი სიტყვა. ბრალდების მხარემ დაახლოებით ერთი წლის წინ დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა და ამის შემდეგ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ხუთჯერ გადაიდო სასამართლო, თითქოს მოწმის დაკითხვას გეგმავდნენ. შემდეგ დაცვის მხარემ ეს მოწმე მოხსნა. ეს არ იყო მოულოდნელი, ვერ წარმოადგინეს იგი სასამართლო პროცესზე.

ამ ეტაპზე ზურაბ ადეიშვილის ბრალდების საქმე იხილება. ამ საქმეზე სხვა მაღალჩინოსნების მიმართ 2017 წელს უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება ადეიშვილის საქმეს, არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, დასკვნა ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რაც ერთობლიობაში გვაძლევს მოლოდინს, რომ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა პროკურორმა შოთა კაკულიამ.

კობა დავითაშვილი 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სცემეს და დააკავეს. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.