პროკურორი - მირზა სუბელიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, კითხვების ნაწილს მან არ უპასუხა
პროკურორი - მირზა სუბელიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, კითხვების ნაწილს მან არ უპასუხა

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურორები და ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანს შეხვდნენ.

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, საქმეზე არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დღეს კი მირზა სუბელიანი მოწმის სახით გამოიკითხა.

„პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა. დღეს ძირითადი კითხვები დაისვა – კითხვების ნაწილზე პასუხი მივიღეთ, ნაწილზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და გამოცხადდება ბრალდების მხარე – პროკურატურა და მას დაუსვამს კითხვებს, რომელზეც პასუხის გაცემისაგან დღეს თავი შეიკავა“, – განაცხადა პროკურორმა.

ვინ ჩაიწერა საუბარი ფარულად საპყრობილეში, აქვს თუ არა საკუთარი ვერსია მირზა სუბელიანს – პროკურორის თქმით, ამ კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის განმარტებით, ჩვენების შინაარსზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, თუმცა ადასტურებს, რომ პატიმრის მდგომარეობა მძიმეა.

„მირზა სუბელიანი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, დამატებითი დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“, – განაცხადა პატიმართან შეხვედრის შემდეგ პროკურორმა.

ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტების დამატებით კითხვებს გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივით არ უპასუხა.

მირზა სუბელიანის გამოკითხვას გლდანის ციხეში ადვოკატი კახაბერ ხვისტანიც ესწრებოდა.

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომლებშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.