პროკურორი - მიხეილ კალანდიას საქმეზე დაკითხული მოწმეები მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ
პროკურორი - მიხეილ კალანდიას საქმეზე დაკითხული მოწმეები მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მსჯავრდებული პირები, კერძოდ მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია და მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე და მათი მხრიდან სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია და ჩვენებები არის თანმიმდევრული, არის ერთმანეთთან თავსებადი,- ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

მან სპეკულაცია უწოდა მიხეილ კალანდიას დაცვის მხარის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის სამართლებრივ ლოგიკას ცდება.

„ბრალდების მხარისთვის გაუგებარია რას ეფუძნება დაცვის მხარის განმარტება, ჩვენ ვფიქრობთ ეს არის მისი მხრიდან გარკვეული სპეკულაცია, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, მიხეილ კალანდიას საქმესთან დაკავშირებით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე, ფარდულის წინ დაინახა დავით სარალიძე და მის გვერდში მყოფი ბრალდებული მიხეილ კალანდია რომელსაც ხელში ეკავა დანის მსგავსი საგანი და სახელო ჰქონდა სისხლიანი. მეორეს მხრივ, მოწმე გუგა ბარბაქაძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სასამართლო პროცესზე, დაკითხვის პროცესში განმარტა და განაცხადა, რომ მან საკუთარი თვალით დაინახა უშუალოდ ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მოქმედებები გარდაცვლილ დავით სარალიძესთან მიმართებაში.